29/05/2023
16:40
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, თურქეთის გლობალური სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც მკვეთრად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შესამჩნევია. მსოფლიო ლიდერებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცეს. მათგან ერთ-ერთი პირველი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო - ის არც კი დაელოდა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ერდოღანის გამარჯვება „მის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას“ დაუკავშირა.
თურქეთის პოლიტიკა, რომელიც რუსეთს განსაკუთრებით მოსწონს, მოიცავს ერდოღანის უარს კრემლის (უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ) გარიყვასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, როცა თურქეთის ნატოელმა მოკავშირეებმა სანქციები დააწესეს და შეამცირეს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება.
თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ერდოღანის პოლიტიკის მიუხედავად, თურქეთი დასავლეთის გადამწყვეტი, თუმცა მაინც რთული და არაპროგნოზირებადი მოკავშირეა.
როგორც ცნობილია, თურქეთი სამხედრო ალიანსის მთავარი წევრია, რომელიც მის ყველა მისიაში მონაწილეობს. ერდოღანმა შეიძლება შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები რუსეთთან, პარალელურად კი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. თურქეთმა შუამავლის როლი შეასრულა ცნობილ გარიგებაზე, რომლითაც რუსეთმა დაასრულა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა. მან ასევე - ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ - ოფიციალური თანხმობა განაცხადა რუსეთის მეზობელ ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. ოდესღაც ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მგზნებარე მხარდამჭერი, ერდოღანი, დღეს „თურქეთის ხელახალ დიდებაზე“ საუბრობს, რაც მისი განმარტებით, უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შედეგია. წლების განმავლობაში ერდოღანმა ყველა თავის მოკავშირესთან უაღრესად ტრანზაქციული ურთიერთობები განავითარა.
თეთრი სახლი არ მალავს თავის მოუთმენლობას, რათა დაითანხმოს ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე. დასავლეთი იმედოვნებს, რომ თურქეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა, ასევე იმის ალბათობა, რომ ერდოღანს მოუწევს კონცენტრირება მოახდინოს ფინანსების სტაბილიზაციასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, შეიძლება მისთვის სუსტი წერტილი გახდეს და ნატოში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდეს. თურქეთი და უნგრეთი ნატოს ორი ქვეყანაა, რომლებიც ჯერ კიდევ ბლოკავს სტოკჰოლმის გაწევრიანებას.
საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ამავდროულად, წუხს ევროკავშირში მიგრანტების შედინების გამო და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღებს შესაბამის გარანტიებს პრეზიდენტ ერდოღანისგან. 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს მილიონზე მეტმა ლტოლვილმა და თავშესაფრის მაძიებელმა (ძირითადად სირიიდან), ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროკავშირში კონტრაბანდისტთა ნავებით შეაღწია.
„სირიელი ლტოლვილების მზარდი რიცხვი უკიდურესად არაპოპულარული აღმოჩნდა თურქი ამომრჩევლებისთვის. მიმდინარე თვეში, თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირობა დადო, რომ „მიგრანტების საკითხის“ გადასაჭრელად ზომებს მიიღებდა.
ბრიუსელი ასევე თავდაცვით პოზიციაშია, რადგან ევროკავშირის წევრი საბერძნეთი ერდოღანთან უამრავ დავაშია ჩართული ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით. მანამდე, დასავლეთი თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას აღწერდა, როგორც ხიდს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თუმცა უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამ თურქეთის სტატუსიც შეცვალა. ხელისუფლების 30-წლოვანი მმართველობის ფონზე, დასავლეთში ცოტა ელოდება ერდოღანისგან დიდ საგარეო პოლიტიკურ სიურპრიზებს. თუმცა ანკარას სტრატეგიული მოკავშირეები დიდი ყურადღებით აკვირდებიან“, - წერს BBC-ი.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024