
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა პალესტინელი ხალხის ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
ერდოღანი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნას.
„რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განაგრძობს ძალისხმევას ომის დასასრულებლად.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ჩვენ ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას ქალაქები და მოქალაქეები“, – აღნიშნა ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე.
0
0