
"დახმარებისთვის არ მოუმართავთ", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობს და საფრანგეთში, ქალაქ არასში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამის საქართველოში ყოფნას ეხმაურება.
„ამას იძიებს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურები. როგორც ვიცი, მათ სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოსთვის არ მიუმართავთ. სამართლებრივი დახმარების შესახებ, როგორც წესი, იგზავნება მოთხოვნა და შემდეგ ამის ფარგლებში ხდება საგამოძიებო საქმიანობის დაგეგმვა. ასეთი, როგორც ვიცი, არ ყოფილა", - თქვა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქალაქ არასში მასწავლებელზე თავდამსხმელი ტერორისტის მამა ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. მათი ცნობით, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის ისლამისტურ იდეოლოგიაზე გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც 2018 წელს საფრანგეთმა გააძევა და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
0
0