22/06/2023
17:16
მსოფლიო
ავსტრიული Raiffeisen ბანკი, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, აჩერებს ევროს გადარიცხვებს რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში. ამის შესახებ themoscowtimes.com იუწყება.
როგორც Raiffeisen-ის რუსეთში შვილობილი კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროს გადარიცხვები გაჩერდება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ბელარუსსა და მოლდოვაში.
ასევე გადარიცხვების გაკეთება შეუძლებელი იქნება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და იორდანიაში. Raiffeisen-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება კორესპონდენტი ბანკების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო არის მიღებული.
Reuters-ის ინფორმაციით, Raiffeisen ბანკი რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ითვლება. ამ ბანკის გავლით რუსეთში ევროს ყველა ფინანსური ოპერაციების მეოთხედი ხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოუწოდა რუსეთში დარჩენილ ევროპულ ბანკებს, რომ ეს ქვეყანა რაც შეძლება მალე დატოვონ. Raiffeisen ბანკი რუსეთში არსებული ბიზნესის გაყიდვას ცდილობდა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
0
0