
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ თურქეთის ორ მოქალაქეს, რომელთაც გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენის მცდელობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.
პროცესზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა და საფუძვლად, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული პირი, წყალტუბოს რაიონში, მეგობარს ოქროს შესაძენად გაჰყვა, რომლის რეალიზებაც თურქეთში უნდა მოეხდინათ და რაიმე უკანონო ქმედების განზრახვა არ ჰქონიათ. ადვოკატის თქმით, თურქეთის მოქალაქე არის დაოჯახებული, ჰყავს სამი შვილი, ორსული მეუღლე, მუშაობს მშენებლობაზე და მას არ ჰქონდა რადიოაქტიური ნივთიერებების შესაძენი თანხა.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ბრალდებულთაგან ერთი პირი დუმილის უფლებას იყენებს, მეორე კი ბრალს არ აღიარებს.
სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა განმარტა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. მისივე თქმით, რადიოაქტიური ნივთიერების შეძენის მიზანი საქართველოდან გატანა იყო, თუმცა რომელი ქვეყანა იყო საბოლოო დანიშნულების ადგილი, ეს გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია.
პროკურორის განცხადებით, საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, ასევე მოწმეთა ჩვენებები.
ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, ბრალდებულები რადიოაქტიური ნივთიერების ღირებულების, 3 მილიონი დოლარის გადახდას კრიპტოვალუტის საშუალებით გეგმავდნენ.
დღეს პარალელურად იმ პირთა ნაწილის სასამართლო სხდომებიც გაიმართა, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხე-ტყის უკანონო გაჩხევის, კა-2 კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის, უნებართვო მშენებლობისა და ქრთამის აღების ფაქტებზე დააკავა. ყველა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
0
0