31/08/2023
18:43
პოლიტიკა
“სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთან არის ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტს ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოეყენებინა ამისთვის, ისევე როგორც 26 მაისს გამართული ღონისძიება.
"კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან ასეთი უხეში თამაში პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ყოველთვის ვთვლიდით, რომ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირების იმ ხარისხში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას პრობლემა შეუქმნას. მაგრამ წარმოიშვა არანაკლებ სერიოზული პრობლემა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებენ, როცა ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს აქვთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე.
რასაკვირველია, თუკი ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოყოფილიყო და მრავალი ელჩის მონაწილეობით ის საზეიმო ტრიბუნაც, 26 მაისს ფიცის დადების ცერემონიალი მაქვს მხედველობაში", განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ჰაერიდან მოტანილი თემებია რუსეთისთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ოპოზიციას სურს მსგავსი აღქმა გააჩინოს ახალგაზრდებში.
"ყველაფერი ჰაერიდან მოტანილია, თუნდაც ჩინეთის მაგალითი ავიღოთ, როცა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი მონათლულ იქნა ისე, თითქოს საგარეო ვექტორი იცვლება მაშინ, როცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპა საუბრობს, რომ ვისაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, გააღრმაოს, ხოლო აშშ საკმაოდ ინტენსიურ დღის წესრიგთან გადავიდა ჩინეთთან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ეს ერთი საკითხი კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამდენად ბილწია თავის ორმაგი სტანდარტებით რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება, მათი კომენტარები, რომ გააჩინონ აღქმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თითქოს ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება და ამ სიბილწესთან არის ახლა ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, "ქართული ოცნების" მძლავრი მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი. სამწუხაროა ფაქტია, რომ ამდენი გამოწვევების შუაში მდგომ ქვეყანას კიდევ ერთი დამატებით ცხელი წერტილი უნდა შეუქმნას და ამ სტრატეგიის მონაწილე ხდება საქართველოს პრეზიდენტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.
0
0