04/08/2023
01:28
საზოგადოება
ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი, ჩართულია ყველა სტრუქტურა. ახლაც არ წყდება სამაშველო სამუშაოები. დაახლოებით 150-მდე მაშველი მეხანძრე მუშაობს ადგილზე,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორი გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ. საბედნიეროდ, 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენების მეშვეობით. დაახლოებით 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი, სადაც ნაწილთან უკვე იმყოფებიან პოლიციის ქვედანაყოფები, სამაშველო სამსახურები. ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა „ცხელი ხაზიც“. ჩართულია ყველა სტრუქტურა, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი სამსახურები. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. ახლაც არ წყდება სამაშველო სამუშაოები. დაახლოებით 150-მდე მაშველი მეხანძრე მუშაობს ადგილზე. დაახლოებით სამ მილიონ კუბამდე მასაა ჩამოსული. იქ ტექნიკა მუშაობს ორი ერთეული სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მეტი შეუძლებელია. ცდილობენ გზის გაწმენდას, რომ მივიდეთ ე.წ. კოტეჯებამდე, რადგან იქ მეტი შანსია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. მაშველები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ იმ ლოკაციების შესწავლა, სადაც შემოდის შეტყობინებები, რომ შეიძლება იყვნენ დაკარგული მოქალაქეები. ასე რომ სამუშაოები არ ჩერდება.
70 მოქალაქიდან, რომელიც გამოყვანილი,ა დაახლოებით 16-მდე მოზარდი იყო. 152 ადამიანიდან იქ ნახევარი არის მოზარდები, ვინც მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ყველა ჯანმრთელად და კარგად არის. სამწუხაროდ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკარგულ ადამიანებშიც არიან არასრულწლოვანები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0
0