29/07/2024
16:56
ტაბლოიდი
მას შემდეგ, რაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა, მთელი მსოფლიო ყველაზე მეტად 2 სკანდალურ პირზე ლაპარაკობს, რომლებსაც გარკვეული სცენების გაშარჟებაში ადანაშაულებენ.
როგორც დასავლური მედია წერს, ქალი, რომელიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს საკამათო პერფორმანსის ცენტრში იდგა, დიჯეი, პროდიუსერი და თვითაღიარებული “სიყვარულის აქტივისტი“, სახელად, ბარბარა ბუჩია.
ინტერნეტში ვრცელდება ოლიმპიადის წარმოდგენის ერთ - ერთი მონაკვეთი, რომელშიც “დრაგ ქუინები“, ტრანსგენდერი მოდელები და ლგბტ თემის წარმომადგენლები სამოდელო ბილიკთან დგანან, რომელიც მოგვიანებით სუფრად გადაიქცევა.
მათ შორის, ცენტრში, დიჯეის სეტთან დგას ბარბარა ბუჩი, თავზე იმიტირებული შარავანდით. სწორედ ამ სცენამ გამოიწვია პროტესტი. საზოგადოების ნაწილისთვის ის “საიდუმლო სერობის“ პაროდიაა - სცენის, როდესაც იესო ქრისტემ მის 12 მოციქულთან ბოლო ტრაპეზი გამართა.
ფაქტს ილონ მასკი, ფრანგი პოლიტიკოსების ნაწილი, საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია და სხვა ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მოგვიანებით, ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი არ ყოფილა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
თუმცა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სცენამ სინამდვილეში ჰოლანდიელი მხატვრის ტილო გააცოცხლა, სადაც ბერძნული მითოსის ღმერთების მოლხენაა ასახული. ცენტრი კი ღვინის ღმერთი, დიონისეა.
“გვირგვინი, რომელსაც ვატარებდი, რეალურად იყო შეკვეთით დამზადებული ყურსასმენი. ნამუშევარი შექმნეს მხატვარმა ფლავიო ხუან ნუნესმა და დიზაინერმა ლორენტ ტიჟუმ. იგი დამზადებულია ნატურალური ვერცხლის ქრომირებული ტყავისგან, ხისგან და სვაროვსკის კრისტალებისგან“, - წერს ბარბარა "ინსტაგრამზე".
როგორც პოსტში “სიყვარულის აქტივისტმა“ დაამატა, “სცენა შეიქმნა იმისათვის, რომ აღვნიშნოთ სიყვარული, ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება მუსიკისა და ცეკვის თანხლებით, რათა გაერთიანდეს ყველა ჩვენთაგანი“.
მუსიკაში მოღვაწეობის გარდა, ბარბარა არის ლესბოსელების უფლებების დაცვის აქტივისტი. ის ასევე აქტიურად ტირაჟირებს “ბოდიპოზიტივს“ - საკუთარი სხეულის მიღებას და სიყვარულს. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Extra Large. მისი ნამუშევარი აღიარებულია საფრანგეთის ლგბტი ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ: 2021 წელს იგი დაჯილდოვდა Out d'or 2021 ჯილდოთი.
2020 წელს კი შიშველი პოზირებდა ფრანგული ჟურნალის Télérama-ს გარეკანზე.
რაც შეეხება "შიშველ ცისფერ კაცს" - როგორც აღმოჩნდა ის ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ფილიპ კატერინია.
“არ იქნებოდა სახალისო, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება. არ იქნება მოსაწყენი, თუ ყველა დამეთანხმება ამ პლანეტაზე?“ - განუცხადა BFM TV-ს მსახიობმა სკანდალურ სცენაზე საუბრისას.
მან ასევე დაადასტურა, რომ სინამდვილეში ბერძენი მითოლოგიური ღვინის ღმერთის, დიონისეს როლს თამაშობდა.
ambebi.ge
0
0