05/02/2024
21:15
სამართალი
“თავისთავად, ფაქტი უსიამოვნოა. ყურადღებით ვაკვირდები უკრაინული პრესის გამოხმაურებას მომხდარ ფაქტზე, და განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებს, სადაც ჩვენი კრიტიკის კორიანტელია. ეს იმის ბრალია, რომ არ ვაქცევთ ჯეროვან ყურადღებას ჩვენი სიმართლის დამტკიცებას უკრაინულ საზოგადოებაში,” - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ, სუს-ის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას, რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული სოციალური მედიის დიდი ნაწილი იმეორებს იმავე ნარატივს, რომ საქართველო რუსეთთან ალიანსშია.
“ეს, სხვათაშორის, ძალიან სერიოზული თემაა. სოციალური ქსელის აქტივისტების დიდი ნაწილი იმ ნარატივს იმეორებს, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთთან არის ალიანსში და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორია, მათ შორის ჩვენი, გამოიყენოს სამხედრო პოლიტიკური თუ სხვა ამოცანებისთვის.”, აცხადებს ექსპერტი და რამდენიმე კითხვას სვამს.
“ჩვენ არ ვიცით, იმ ფორმით გადალახა თუ არა ავტომანქანამ მთელი ეს ტერიტორია [უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი], როგორითაც გვამცნეს, თუ აქ მოამზადეს უკვე ეს ასაფეთქებელი ნივთიერება? ყველაფერს გარკვევა სჭირდება და ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა.” - განაცხადა არეშიძემ და ისაუბრა იმ პიროვნებაზეც, რომელიც სუს-ის დღევანდელი განცხადების ერთ-ერთი ფიგურანტია:
“უკრაინულ პრესაში გავრცელდა სახელი და გვარი იმ ადამიანისა, რომელიც არის ანდრეი შარაშიძე. ის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის აქტივისტი მმართველი ძალისა. ის სამხრეთ უკრაინაში აქტიური ბიზნესით იყო დაკავებული. უნდა ითქვას, რომ დავით არახამიას მსგავსად, უკრაინაში ბევრი ქართველია, რომელიც ბიზნეს-პოლიტიკურ აქტივობას ცდილობს. ცნობილია, რომ იქ ძალიან დიდი ფინანსური ნაკადები გაჩნდა, რამაც გამოიწვია ბევრი ავანტიურისთვის იქ მოხვედრა, ვინც ადრე თანამშრომლობდა უკრაინის ბიზნეს-სტრუქტურებთან, ან ფულის სუნი იგრძნეს და იქ გაჩნდნენ, მიუხედავად საომარი ვითარებისა. მე, როგორც ჩემი კოლეგები მეუბნებიან, შარაშიძეც ამ კატეგორიაში მოიაზრება. ჩემთვის უცნობია, რა ტიპის ბიზნესი ჰქონდა მას.” - აღნიშნა არეშიძემ.
არსებული ინფორმაციით, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. სუს-ის ცნობით, არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
0
0