13/06/2023
22:32
პოლიტიკა
თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ ხომ ყველაზე კარგად აცნობიერებთ, რომ ევროკავშირში არ ელოდებიან ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები, ევროკავშირში არ არიან ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით აკავებენ ყოფილ პრეზიდენტებს და დიახ, თქვენ პოლიტიკური მოტივით, პირადი ანგარიშსწორებით და შურისძიებით დაკავებული გყავთ მიხეილ სააკაშვილი, აბსურდული, სასაცილო ბრალით და არაერთხელ მოგიწოდეს გასულ კვირაში თქვენ, რომ ამ საკითხს მისდგომოდით უფრო სერიოზულად.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ამ დარბაზში, ან საქართველოს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, როგორც წაადგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება, მინდა შევახსენო ერთი რამ და ეს არის ბუნების კანონზომიერება – ეს დაგვემართა ჩვენ, დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინასაც, რომ რა შეცდომებიც დაგვიშვია, პირველ რიგში, ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული, ეს შეცდომა მოგვიტრიალდა ჩვენ ყველაზე მწარედ და ყველაზე მწარედ ვიწვნევთ ამის შედეგებს. ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს მივმართავ, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ!“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
0
0