
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ძმები კაკულიების საქმეში ფიგურირებს, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი თავდამსხმელების ხელში.
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ამის გასარკვევად პროკურატურა ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესარიონ ჟვანიას დაკითხვას გეგმავს, რომელიც ძმები კაკულიების დიდი ხნის მეგობარია.
თავად ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. მის დასაკითხად პროკურატურამ უცხოელ კოლეგებს უკვე მიმართა, ამბობს “რუსთავი2”.
როგორც ცნობილია, დღეს ე.წ. ძმების კაკულიების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ადვოკატი გიორგი ანთაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების მიმართ ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომლებსაც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაიჭრა ქურთიაშვილის მეგობარი, გიორგი კაჭკაჭაშვილი.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან შეაფასა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ძმები კაკულიები არ არიან ის პირები, რომლებიც მათ გასული წლის მაისში თავს დაესხნენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულთა ეს ჩვენებები პროკურატურის ვერსიას თავდაყირა აყენებს.
0
0