
სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. ადვოკატის, პაატა გოგოლაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“ის ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სადღაც ითამაშა. ამბობს, ელემენტარულად ვისვენებდი და განტვირთვა მინდოდაო. რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ყველას გადარჩენისთვის, რატომ უნდა შეეცადა მაშინ, რომ აივნიდან თავი დაეცვა?!“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
0
0