
ილია, როგორც მოსამართლე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა საამაყო მზია ამაღლობელს, ანდრო ჭიჭინაძეს და რუსული რეჟიმის ათეულობით სხვა, უდანაშაულო, გულანთებულ პატრიოტს - ილია, როგორც პუბლიცისტი, კვლავაც მწარედ ამხელდა ათასი რჯულის ფარისეველს, ცრუპატრიოტს და მუდამ ხელმწიფის ნავში მყოფ მედროვეს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2 აგვისტოს წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს ეხმაურება.
მისი თქმით, ახლა მისი დაწყებული საქმის გაგრძელება თითოეული ჩვენგანის ვალი და პრივილეგიაა.
„რა არჩევანს გააკეთებდა დღეს ილია? - ილია, როგორც მოსამართლე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა საამაყო მზია ამაღლობელს, ანდრო ჭიჭინაძეს და რუსული რეჟიმის ათეულობით სხვა, უდანაშაულო, გულანთებულ პატრიოტს;
ილია, როგორც განმანათლებელი, ძირფესვიანად შეცვლიდა ქვეყნის განათლების სისტემას: მასწავლებელს აიყვანდა უდიდეს პატივში, მოსწავლეს კი აქცევდა თავისუფალ, კეთილგონიერ, განათლებულ მოქალაქედ;
ილია, როგორც ეროვნული მოღვაწე, შექმნიდა კეთილსინდისიერი, სამართლიანი, გაბედული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების პოლიტიკურ გუნდს და საქართველოში დაამკვიდრებდა ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოს;
ილია, როგორც პატრიოტი, გაემიჯნებოდა ისტორიულ და სადღეისო მტერს - რუსეთს და დაუმეგობრდებოდა მოყვარეს - აშშ-სა და ევროპის კავშირს; ქვეყანას აქცევდა რეგიონის მისაბაძ ლოკომოტივად; ჩაჩეხავდა ავტორიტარიზმის მასაზრდოებელ ფესვებს და დაამკვიდრებდა სამართლიანი არჩევნების ტრადიციას;
ილია, როგორც საქართველოს მოჭირნახულე, გაამთლიანებდა ქვეყნის დასნეულებულ-დაყოფილ სხეულს და ახალი, თანამედროვე, მყარი, სანდო, მეგობრული ხიდებით დააკავშირებდა სოხუმსა და ცხინვალს დედა თბილისთან;
ილია, როგორც მამა, სიმართლეში, ეროვნულ ფასეულობებში, ქვეყნის წარმატებისთვის დაუღალავ შრომასა და ევროპულ მისწრაფებებში გააერთიანებდა დაპირისპირებულ ხალხს, რეალობად აქცევდა ეროვნული თანხმობის სანუკვარ იდეას; დაუბრუნებდა ერს წარმატების პერსპექტივის რწმენას და გამარჯვების იმედს;
ილია, როგორც პუბლიცისტი, კვლავაც მწარედ ამხელდა ათასი რჯულის ფარისეველს, ცრუპატრიოტს და მუდამ ხელმწიფის ნავში მყოფ მედროვეს, ფილიგრანული სიზუსტით განსაზღვრავდა ერის მთავარ სატკივარს და დასახავდა საქართველოს თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფოდ ყოფნის მძლავრ, სიცოცხლისუნარიან კონცეფციას;
ილია, როგორც მეურნე, ააყვავებდა ქართულ ეკონომიკას, სოფელს და მისცემდა ადამიანს სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად შრომის და ცხოვრების საშუალებას;
ილია მართალი დაუბრუნებდა ქართულ ეკლესიას დამოუკიდებელი, ზეპარტიული, აპოლიტიკური, გამაერთიანებელი, განმანათლებელი, ჭეშმარიტად ქრისტიანული ფასეულობების დამამკვიდრებელი, ყველაზე მზრუნველი და ყველასთვის დამაშვრალი, სიყვარულისა და ცხონებისთვის არსებული ღვთის სახლის დაკარგულ მისიას;
ილია ჭავჭავაძე შექმნიდა გარემოს, სადაც ნორმალურობა, ე.ი. არაქაჯობა, არამედ კულტურულობა, განათლებულობა და წესიერება დაფასდებოდა; სადაც გავიაზრებდით კრიტიკულობის და თვითკრიტიკულობის მნიშვნელობას, სადაც ბეჯითად ვისწავლიდით ერთმანეთის გათვალისწინების, სიმართლეში გაჯიუტების, უსამართლობასთან შეუგუებლობისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეროვნული და ევროპული წარმატებისთვის უანგაროდ, თავგანწირვით მსახურების დიდებულ, სასიცოცხლოდ საჭირო კულტურას.
ნუ ველით ახალ ილიას! ახლა მისი დაწყებული საქმის გაგრძელება თითოეული ჩვენგანის - პასუხისმგებლობიანი, ეროვნულად მოაზროვნე, დემოკრატიის ერთგული, გაბედული მოქალაქის - ვალიცაა და პრივილეგიაც! „ილიაობა“ ახლოვდება - გილოცავთ!“, - წერს არმაზ ახვლედიანი.
0
0