18/01/2025
17:58
საზოგადოება
ამერიკული როკ ჯგუფის Guns N" Roses-ის ქართული ტურნე და კრიტიკა. "ბულინგის მორიგი ტალღა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილის და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა.
"ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც მოგვევლინა მითუმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში, პირდაპირ და დაუმალავად რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა. ისეთი პოპულარული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას, როგორიც Guns N" Roses-ია ცდილობ რომ ხელი შეუშალო - რატომ აკეთებ ამას. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს და ამას, რა თქმა უნდა მოჰყვება გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები. როდესაც გამიზნულად ცდილობ ეს ყველაფერი ჩაშალო - ეს მათი ხელწერა და დღის წესრიგია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
Guns N' Roses 30 მაისს, საქართველოს კონცერტს სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. როკ ბენდის კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში 16 საათზე გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena აქვეყნებს.
აღსანიშნია, რომ Guns N' Roses-ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გახდა. როკბენდი შავი ზღვისპირეთში კონცერტს თავისი ტურნეს ფარგლებში გამართავს და ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
0
0