
ქვეყნის, ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის მორალი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, აამოქმედოს შეწყალების ინსტიტუტი.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ ევროპარლამენტმა მოისმინა ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების ბერკეტი და შეიწყალოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის.
ჩვენი ქვეყნის, ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის მორალი და ლოგიკა, მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. სააკაშვილის პატიმრობა უნდა დასრულდეს“,- აცხადებს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
0
0