21/03/2023
15:50
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, თვითონ „გაიწყვიტა მყესები“ არაფრის გამო. რატომ არ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ გოლის გატანას? სად არიან? აი, ეს მიმყარებს მე რწმენას, რომ ესენი შეთანხმებულები არიან“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ქვეყნის ინტერესების ღალატია, როდესაც ოპოზიციას ხელისუფლების მოთოკვა შეუძლია და ამას არ აკეთებს.
„დღეს მთავრობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია მორალურად - მათ ერთ დღეს პრორუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, მეორე დღეს ეს უკან წაიღეს და სად არის ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა?“ რატომ არ არის დღეს აქ „ნაცმოძრაობის“ თითქმის არცერთი დეპუტატი? რატომ არ იყენებენ ამ უპირატესობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, თვითონ „გაიწყვიტა მყესები“ არაფრის გამო. რატომ არ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ გოლის გატანას? სად არიან? - აი, ეს მიმყარებს მე რწმენას, რომ ესენი შეთანხმებულები არიან მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს „ქართულ ოცნებას“ და ძალას იკრებს - ერთმანეთს ამხნევებენ, რომ არაფერი მომხდარა, სტუდენტებს აკრიტიკებენ, ემუქრებიან, ყველას ამოგიცნობთ, დაუსჯელი არ დარჩებითო, დღესვე შემოაქვთ ჯარის კანონი, სადაც იმ ხალხს, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, შერჩევითად ჯარში გაუშვებენ, ან ამით დაემუქრებიან. სად არის ოპოზიცია? თუ რამე არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ქვეყნის ინტერესების ღალატია, როცა შეგიძლია მოთოკო ხელისუფლების აღვირახსნილობა და თავგასულობა და ამას არ აკეთებ. სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, ამ პარლამენტის მთავარი პრობლემა, რომ ჩემს კოლეგებს არ უნდათ პოლიტიკოსობა, ისინი არ მოძრაობენ იმ სტიმულით, რაც პოლიტიკოსებს ამოძრავებთ, ჩემი კოლეგები მოძრაობენ დაქირავებული თანამშრომლის სტიმულით, რომლებიც მზად არიან, უფროსის ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ მიუხედავად იმისა, თუ რა ჰგონიათ სწორი და არასწორი“, - ამბობს იაგო ხვიჩია.
0
0