20/03/2023
21:46
პოლიტიკა
პოლიტიკა
ქვეთავი არაადამიანური მოპყრობის შესახებ - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ახალ ანგარიშში სააკაშვილზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
16 წუთის წინ
გაზიარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2022 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეა საუბარი.
ქვეთავში სახელწოდებით „წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, დასჯა და სხვა მასთან დაკავშირებული შეურაცხყოფა“, საუბარია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც სასჯელს იხდის და ამჟამად, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
დოკუმენტი ერთი ნაწილი ეფუძნება მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ერთი წლის განმავლობაში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს და მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდებოდა და საჭირო იყო მისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
„ერთი წლის განმავლობაში, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღმოეჩინათ დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება. სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, რითაც ხელისუფლებას მოუწოდებდა, შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომლებმაც სააკაშვილს 2021 წელს ჩაუტარეს კვლევები. სახალხო დამცველი აპარატმა ასევე ინფორმაცია გაავრცელა ექსპერტთა დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის შიგნით ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სააკაშვილის მდგომარეობა „მკვეთრად უარესდებოდა“.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე (SIS) დაყრდნობით წერს, რომ SIS იძიებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას, როდესაც 2021 წლის ნოემბერში მისი იძულებით გადაყვანა მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციარული დაწესებულების კლინიკაში.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაცემის რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ოპოზიციური პარტიების წევრები ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
0
0