
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე შექმნილმა Nebula AI Hubდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Coursera-მ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს.
პარტნიორობის ფარგლებში, Nebula AI Hub-ის სტუდენტები მიიღებენ სწვდოას Coursera-ს პლატფორმაზე განთავსებულ AI-ს მიმართულებით შექმნილ კურსების ფართო არჩევანზე. ეს პროგრამები მორგებულია ქართულენოვანი სტუდენტებისთვის და სრულიად უფასოა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს, გეოგრაფიული ან ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად, მიიღონ გლობალურად კონკურენტუნარიანი ცოდნა.
„ჩვენი პარტნიორობა Coursera-სთან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქუთაისის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერის კუთხით. ამ შესაძლებლობით ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი რეალურ გარემოში გამოიყენონ ცოდნა, ააშენონ კარიერა და შეუწყონ ხელი ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლას“, - განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
სტრატეგიული პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, რეგიონული ადმინისტრაციისა და ქუთაისის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რაც ცხადად მიანიშნებს ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე ციფრული და AI უნარების განვითარების მიმართ.
„დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტის უნარები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე შრომის ბაზარზე. Microsoft-ისა და LinkedIn-ის კვლევებით, მენეჯერების 71% მზად არის აიყვანოს ნაკლებად გამოცდილი კანდიდატი, რომელსაც აქვს AI უნარები, ვიდრე გამოცდილი კანდიდატი რომელსაც ეს უნარები არ გააჩნია. ჩვენი პარტნიორობა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს სტუდენტებმა მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რაც საჭიროა გლობალურ, AI-ზე ორიენტირებულ ეკონომიკაში წარმატებისთვის“, - აღნიშნა Coursera-ს ბრენდის განვითარების დირექტორმა მარნი ბეიკერ სტაინმა.
ამ ნაბიჯით ქუთაისი მტკიცედ იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული ინოვაციური განათლების ცენტრი, სადაც მსგავსი ინიციატივები მომავალზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობას ამკვიდრებს.
Nebula AI Hub-ი ქუთაისის მულტიფუნქციური ტენტრის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მომავლის პროფესიონალების მომზადების მიზნით შექმნილი პლატფორმაა.
Coursera დაარსდა 2012 წელს, ენდრიუ ნგ-ისა და დაფნე კოლერის მიერ, მისიით - უზრუნველყოს უნივერსალური წვდომა მსოფლიო დონის განათლებაზე. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ონლაინ პლატფორმად ითვლება, რომელსაც 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 168 მილიონზე მეტი რეგისტრირებული სტუდენტი ჰყავს.
Coursera თანამშრომლობს 350-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და ინდუსტრიის ლიდერთან და სთავაზობს მომხმარებლებს კურსებს, სპეციალიზაციებს, პროფესიულ სერთიფიკატებსა და ხარისხის პროგრამებს.
Coursera-ს ინოვაციური პლატფორმა ინსტრუქტორებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან მასშტაბური, პერსონალიზებული და სანდოდ დადასტურებული სასწავლო გამოცდილება.
0
0