25/11/2024
18:10
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს ჟურნალისტებზე თავდასხმის უფლება არ აქვთ და მსგავსი პერსონალური თავდასხმები ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა.
მისივე თქმით, ხალხი აქციაზე არ დგას, რადგან 300 000 ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით სულელური განცხადებების არ სჯერა.
„ვანდალიზმის მცდელობებია. ვნახეთ, ორკები როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს. კოლეგებმაც კი ვერ გაბედეს ამის გაპროტესტება, აი, ეს არის დამოკიდებულება და ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც თქვენი კოლეგებიც კი ვერ ბედავენ, ამორალური უწოდონ თქვენზე და ნებისმიერ ჟურნალისტზე პერსონალურ თავდასხმას. ეს არის, რაც ხდება გარეთ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და როდესაც ვიღაცას რაღაცას უწოდებენ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარად დამონებული საზოგადოება თავისუფალ ქვეყანას ვერ შექმნის. ამიტომ, ვინც ქმნის თავისუფალ ქვეყანას, საზოგადოება, რომელიც თავისი არსითაც არის ქართული, ეს საზოგადოება იმარჯვებს დღეს. საზოგადოება, რომელიც გაპროტესტებასაც არ ერიდება, თუ რამე გასაპროტესტებელია, ტყუილებს არ ექვემდებარება, არ იჯერებს პირწმინდა სისულელეს, თითქოს 300 000 ხმა გაყალბდა. 300 000 ხმა გაყალბდა, ამ სისულელეს რომელი იკადრებს და მეტყვის, დღემდე ველოდები. არცერთს პირადად არ უთქვამს. ელექტრონულ არჩევნებში თურმე 300 000 ხმა გაყალბდა, მაინტერესებს, რომელი ჟურნალისტი ან ვინმე შემოვა პოლემიკაში და მთელი სერიოზულობით რომელი დამისვამს ამაზე კითხვას? შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არა, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას. შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ, რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები? იმიტომ, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს, უბრალოდ პარტიული აქტივი, კი ბატონო. აქვთ ამის უფლება. ყვირიან, აბრახუნებენ, მაგრამ არ აქვთ თქვენზე ამორალური თავდასხმის უფლება. არ აქვთ ლიბერალური ფაშიზმის უფლება, ამასაც პასუხი უნდა გაეცეს და აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0