
ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელსაც „სისუსტე“ ჰქონდა Louis Vuitton-ის ძვირად ღირებული ჩანთების მიმართ, ბერძენმა პოლიციელებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ 7 ივლისს, ათენის ცენტრში, მოტოციკლის მართვისას დააკავეს. ბრალდებული 32 წლის მამაკაცია, რომელიც „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფების წევრია.
საპოლიციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მოპარულ ძვირად ღირებულ ნივთებში, იარაღთან და სხვა ნივთებთან ერთად Louis Vuitton-ის ჩანთებიც ამოიღეს. მასთან ერთად დააკავეს 34 წლის ქართველი, რომელიც თან ახლდა „კანონიერ ქურდს“. ბერძენმა სამართალდამცველებმა მას დაკავებისას ყალბი პასპორტი ამოუღეს.
საქართველოში Louis Vuitton-ის მოყვარულ „კანონიერ ქურდს“ 2021 წელს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ასევე იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევისთვის პატიმრობა შეუფარდეს 9 წლითა და 1 თვის ვადით, თუმცა განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები, რომლებიც წარსულში ქურდობისა და სხვა დანაშაულისთვის იყვნენ ბრალდებულები, პროკურატურაში არიან გადაყვანილები.
0
0