13/05/2023
21:25
სამართალი
მასშტაბური ძარცვა თურქეთში - დიდი ოდენობით ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მამაკაცი, რომლის კუთვნილი ოქროულობის მაღაზია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გაქურდეს, ერზრუმის ცნობილი იუველერი გურბუზ პაივერენია.
დაზარალებული ყვება, თუ როგორ შეაღწიეს მძარცველებმა ობიექტზე, საიდანაც 23 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ირკვევა, რომ ძვირფასეულობის მაღაზიის გვერდით მდებარე შენობიდან მძარცველებმა კედელი გაბურღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშეს და ვიტრინები თითქმის სრულად დააცარიელეს.
ორკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქმა სამართალდამცველებმა დანაშაული გახსნეს.
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიაში გავრცელდა ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ორი მამაკაცი საიუველირო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე სახელად – ნიკოლოზი და ალექსი, ალანიაში დააკავეს და უკვე გადაიყვანეს ერზრუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საქმეში კიდევ ორი ქართველი ფიგურირებს, ვინმე ზაალი და ლევანი. სავარაუდო დამნაშავეებს მიაგნეს, თუმცა ვერ იპოვეს ნაძარცვი ძვირფასეულობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ოქრო დანაშაულის ორმა ფიგურანტმა სარფის გავლით ქვეყნიდან გაიტანა.
დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოსავლენად თურქეთის პროკურატურამ ქართულ მხარეს სავარაუდოდ უკვე მიმართა.
წყარო: “რუსთავი2”
0
0