
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ საშუალება უნდა მისცეს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, "ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით, ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოს და ბილეთების ფასები გაზარდა. ეს ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს, ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი “, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის.
0
0