
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაწყდეს, როცა საქართველო აფხაზეთს აღიარებს. ამის შესახებ გუნბამ „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აღიარების საკითხი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა მომავალში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი და აღიარებული სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობა, როგორც ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციასთან, ასევე, მეორე მხრივ საქართველოსთან ?
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ გუნბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
„ჩვენ აღიარებული ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით ვლადიმერ პუტინს, დიმიტრი მედვედევს და, რა თქმა უნდა, რუს ხალხს, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თბილი ურთიერთობა რუსეთის სახელმწიფოსთან, რუს ხალხთან.
ჩვენ გვაკავშირებს მეგობრული, ისტორიული და კულტურული კავშირები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახის მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელება. ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხიც შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან სწორედ რუსეთი გვაძლევს მხარდაჭერას აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ.
რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების საკითხები და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებით და, ასევე ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით“, - აცხადებს ბადრა გუნბა.
ინფორმაციისთვის, 1-ელ მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ხმების უმრავლესობა მოსკოვის ფავორიტმა ბადრა გუნბამ მიიღო.
ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გუნბა კრემლში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.
0
0