
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომაზე, ქარსაფარი ზოლების მართვის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სხდომას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა.
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია სისტემური პროცესია, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარსაფარი ზოლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება, რაც მათი ეფექტიანი მართვის, დაცვის, აღდგენისა და განვითარების საფუძველს ქმნის.
ინვენტარიზაციის პროცესის ძირითადი გამოწვევებია ქარსაფარი ზოლების ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობისა და მრავალწლიანი ნარგავების და ინფრასტრუქტურული ობიექტების არსებობა, სახელმწიფო ტყის მიწებთან გადაკვეთა, კერძო საკუთრებაში ქარსაფარი ზოლის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფაქტები და სხვა.
გიორგი მიშელაძემ ხაზი გაუსვა ქარსაფარ ზოლებში ხე-მცენარეების გაჩეხვის, ამოძირკვის, ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს და აღნიშნა, რომ 2023-2026 წწ მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 19 საკადასტრო კოდზე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლენილია 67 ერთეული ხე-მცენარის განადგურების და 1 ჰა-ზე მეტი ფართობი მიწის დაზიანების ფაქტები.
სააგენტოს უფროსმა ისაუბრა ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს ფინანსურ საკითხებს, პირუტყვისა და ხანძრისმიერი დაზიანებების მაღალ რისკს, სარწყავი წყლის რესურსებისა და ადგილობრივი წარმოების სანერგე მასალის სიმწირეს და სხვა. გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აღდგენა-გაშენების პროგრამის მოდერნიზება, რაც არსებულ გამოწვევევბს უპასუხებს.
კომისიის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ვინაიდან ნიადაგის ნაყოფიერება და ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის სამეურნეო და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქარსაფარი ზოლების არსებობაზე, მათ მოვლა, დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრის დასასრულს, კომისიის წევრებმა მთავრობისთვის წარსადგენად შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
0
0