
ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ, სულ მცირე, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, 50 წლის ფიონა ბიელს, რომელმაც მეგობარი მამაკაცი, 42 წლის ნიკოლას ბილინგჰემი, დანით მოკლა და შემდეგ მისი სხეული ბაღში დამარხა. ინციდენტი 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. ბიელმა დანაშაული გასულ თვეში აღიარა და, სასჯელის შემსუბუქების მიზნით, განაცხადა, რომ მკვლელობა უნებლიედ ჩაიდინა.
სასამართლოს მტკიცებით, „მკვლელობის დღეს, ბილინგჰემი სახლს არემონტებდა. ქალმა ის კისერში სასიკვდილოდ დაჭრა. ფიონა ბიელმა მკვლელობა მიზანმიმართულად ჩაიდინა და ცხედარი თავიანთ ბაღშივე, ექსპრომტად ამოთხრილ ორმოში, ნაგვის მსგავსად ჩააგდო. მკვლელი 2021 წლის შემდეგ დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. პოლიციამ ბილინგჰემის ნაწილობრივ მუმიფიცირებული ნაშთები მკვლელობიდან ოთხთვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა.“
დანაშაულის აღიარებისას ბიელმა განაცხადა, რომ ბილინგჰემი მას "დამამცირებელი კომენტარებით" მოიხსენიებდა და "ბებერს" და "მსუქანს" უწოდებდა, რაც მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. თუმცა, ფიონა ბიელის თქმით, მოგვიანებით, ბილინგჰემმა მას პატიება სთხოვა.
„ჩვენი შვილის სასტიკი მკვლელობის გამო ფიონა ბიელისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ ხანგრძლივ სასჯელს მივესალმებით. [ფიონა ბიელი] სკოლის კეთილშობილი მასწავლებლის სტატუსით სარგებლობდა და ნიკოლას ბილინგჰემის მკვლელობას ფარულად გეგმავდა,“ - ნათქვამია მოკლული ბილინგჰემის ოჯახის განცხადებაში.
0
0