
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტით, სადაც ქალის გენიტალიების დასახიჩრების მავნე პრაქტიკაზე იყო საუბარი.
"მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია ქალის გენიტალიების დასახიჩრების მავნე პრაქტიკებზე. ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს.
კატეგორიულად მიუღებელია მასობრივი მედიის საშუალებებით კანონმდებლობით აკრძალული ძალადობრივი ქმედების ისე ნორმალიზება, როგორც ჩვეულება და ტრადიცია. 2017 წლის სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით ჩვენ მოვახდინეთ აღნიშნული ქმედების კრიმინალიზება, შესაბამისად, რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.
მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინოს სიუჟეტში აღნიშნულ შესაძლო ფაქტებზე მყისიერი რეაგირება, დაიკითხოს ყველა პირი და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები," - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის,ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარელები ცხოვრობენ, ტრადიციის სახელით პატარა გოგონებზე ისევ ძალადობენ. თემში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიცია ისევ არსებობს და მას რელიგიური წეს-ჩვეულებებით ამართლებენ.
წინადაცვეთის შესახებ ინფორმაციას, “რუსთავი 2” ავრცელებს.
0
0