
დასავლეთ ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში, პოლიციამ ამერიკელი ქალი ტყეში, ხეზე ჯაჭვით ხელ-ფეხ მიბმული იპოვა. როგორც პოლიციამ და ექიმებმა BBC-ს განუცხადეს, 50 წლის ლალიტა კაი დაახლოებით 10 დღის წინ გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ტყეში მისი ყვირილი მწყემსებმა გაიგონეს. პოლიციის ინფორმაციით, პასპორტის ასლის მიხედვით, ლალიტა კაი აშშ-ის მოქალაქეა და ინდოეთში მასაჩუსეტსიდან ჩავიდა.
პოლიციისთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში ქალმა თქვა, რომ ქმარმა "ხეზე ჯაჭვით მიაბა და ტყეში მიატოვა". პოლიციამ აღნიშნული განცხადება ეჭვქვეშ დააყენა, რადგან „დღეების განმავლობაში, ქალი საკვებისა და წყლის გარეშე ვერ გაძლებდა.“
BBC-ის ინფორმაციით, ლალიტა კაი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს და საჯაროდ არ საუბრობს. აშშ-ის საელჩომ ასევე უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, ლალიტა კაის კონფიდენციალურობის უფლების დაცვის მოტივით. ინდოეთის პოლიციამ რამდენიმე ჯგუფი შექმნა, რათა გამოიკვლიონ, თუ როგორ მოხვდა ქალი ტყეში.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ზედამხედველის განცხადებით, ლალიტა კაის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ის აშშ-ში მცხოვრებ ოჯახის წევრებსაც ტელეფონით დაუკავშირდა.
0
0