
50 წლის ავსტრალიელი ქალი ერინ პატერსონი ტოქსიკური ნაერთების შემცველი სოკოს კერძით სამი ნათესავის სასიკვდილოდ მოწამვლაში დამნაშავედ ცნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სადილის შემდეგ, რამდენიმე დღეში, საავადმყოფოში, პატერსონის სამი ნათესავი გარდაიცვალა. ადგილობრივი პასტორი იან უილკინსონი კი კვირების განმავლობაში მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
ქალი ასევე დამნაშავედ ცნეს, 2023 წელს, საქონლის ხორცის კერძით "ველინგტონი" გამასპინძლების დროს სტუმრის სასიკვდილოდ მოწამვლის მცდელობაში.
ქალაქ მორუელში გამართულ სასამართლო პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლის თანახმად, ერინ პატერსონი ახლომდებარე ქალაქებში „მომაკვდინებელ სოკოებს“ ეძებდა. მან პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და მტკიცებულებების განადგურებით დანაშაულის დამალვას ცდილობდა. სასამართლო პროცესზე არ დადასტურდა ერინ პატერსონის მიერ ნათესავების განზრახ მოწამვლის რაიმე მკაფიო მოტივი. მოტივის არარსებობა მისი დაცვის ცენტრალურ არგუმენტს წარმოადგენდა.
ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ერინ პატერსონმა შემთხვევით მომაკვდინებელი სოკოები მოიპოვა, ოჯახის წევრების შემთხვევით მოწამვლის შემდეგ კი, ის „პანიკაში ჩავარდა“. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მან დანაშაული განზრახ ჩაიდინა. პატერსონმა აღიარა, რომ პოლიცია და სამედიცინო პერსონალი მოატყუა ველური სოკოების მოპოვების, საჭმლის მოსამზადებლად გამოყენებული საკვების დეჰიდრატატორის გადაყრისა და მობილური ტელეფონის განმეორებით გაწმენდის შესახებ. პროკურორების თქმით, ეს ქმედებები მის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ერინ პატერსონს ოთხი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც BBC-ი წერს, პატერსონის საქმემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესად იქცა.
0
0