-share.jpg)
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებისა და ცეცხლის შეწყვეტის გზით შეაჩეროს. მაგრამ ის გააგრძელებს ბრძოლას, თუ კიევი და დასავლეთი ამ ნაბიჯზე არ უპასუხებენ,“- განუცხადა Reuters-ს ოთხმა რუსულმა წყარომ.
რუსეთის ვეტერანმა ლიდერმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოხატა დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მოლაპარაკებების შეფერხებასა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გამორიცხვის შესახებ.
„პუტინს შეუძლია იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ [პუტინი] ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის - ომის გაყინვისთვის“, - თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს და კრემლთან დაახლოებული პირია.
Reuters-მა, სულ, ხუთ რუს მაღალჩინოსანთან ისაუბრა, რომლებიც პუტინთან მუშაობდნენ ან ამჟამად მუშაობენ პოლიტიკურ და ბიზნეს საკითხებში. მეხუთე წყაროს ომის გაყინვაზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლის მეთაურმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და, რომ ქვეყანას არ სურს "მარადიული ომი". უკრაინის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა Reuters-ის შეკითხვებს არ უპასუხეს.
ზოგიერთი დასავლელი სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსის შეფასებით, გასულ კვირას, რუსეთის თავდაცვის მინისტრად ეკონომისტ ანდრეი ბელუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ, გაჭიანურებული კონფლიქტის მოგების მიზნით, რუსეთი საკუთარ ეკონომიკას მუდმივ საომარ ბაზაზე დებს. თუმცა, წყაროების თანახმად, მარტში, ექვსწლიანი ვადით ხელახლა არჩეული პუტინი, რუსეთის ამჟამინდელი წინსვლის ტემპის გაგრძელებას ამჯობინებს. წყაროებს რუსეთის თავდაცვის ახალ მინისტრზე უშუალო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კრემლის ზედა ეშელონებში გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით, Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პუტინი თვლის, რომ ომში ამ დრომდე მიღწეული პროგრესი საკმარისია რუსი ხალხის გამარჯვებისთვის.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბურმა სახმელეთო კონფლიქტმა ორივე მხარეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რუსეთს დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
სამი წყაროს მიხედვით, პუტინს ესმის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ახალი სამხედრო წინსვლა დამატებით ეროვნულ მობილიზაციას მოითხოვს, რაც მას არ სურს. რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა ანონიმურმა პირმა კი განაცხადა, რომ 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაციის პირველად გამოცხადების შემდეგ, მისი [პუტინის] პოპულარობა დაეცა,“ - წერს Reuters-ი.
0
0