რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, არის ყოვლისმომცველი და ღრმა სამშვიდობო ინიციატივა და არა ულტიმატუმი. ამის შესახებ „იზვესტიასთან“ საუბარში სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, წერს რუსული მედია.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცება, რომ პუტინმა კიევს ულტიმატუმი წაუყენა, „აშკარად გაუგებრობაა“.
„ეს არის მშვიდობიანი ინიციატივა. ეს ნამდვილად არის პუტინის სამშვიდობო წინადადება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიების შემდგომ განხილვაზე. ეს არის ყოვლისმომცველი, ძალიან ღრმა და კონსტრუქციული წინადადება“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
მან დასძინა, რომ სამშვიდობო ინიციატივები მომზადებულია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და კიევმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარემოებები შეიძლება, შეიცვალოს.
პრეზიდენტის პრესმდივანმა გაიხსენა, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის სიტუაცია განსხვავებული იყო, რის საფუძველზე მომზადდა სტამბოლის შეთანხმების პროექტი. მაგრამ ეს დოკუმენტი „უკრაინულმა მხარემ ბრიტანელების ბრძანებით უარყო“.
„ამის შემდეგ დღეს სხვა ვითარება შეიქმნა, აშკარად განსხვავებული - დე ფაქტო და დე იურე. შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ოთხი ახალი ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ახლა რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია. შემდეგი სიტუაცია ასევე განსხვავებული იქნება და აქ უკრაინულმა მხარემ უბრალოდ უნდა იფიქროს ამაზე“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუ უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე უარს იტყვის.
მისი თქმით, უკრაინამ ამ ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და ასევე უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ზელენსკიმ პუტინის ამ წინადადებას ულტიმატუმი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა.
0
0