
„ვლადიმერ პუტინმა, ვერ მიიღო ჩინეთისგან ზუსტად ისეთი შეუზღუდავი პარტნიორობის გარანტია, როგორსაც თავად ელოდა,“ - განაცხადა ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW).
როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ურთიერთობები "უმაღლეს ისტორიულ დონეზეა".
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი "ადასტურებს რუსეთისა და ჩინეთის ერთგულებას ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ".
„თუმცა, აღებული ვალდებულებები ცალმხრივად არის გამოხატული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის სურვილისგან განსხვავებით, სი ძინპინი რუსეთ-ჩინეთის უფრო „თავშეკავებული“ ურთიერთობების ვერსიას ეთანხმება.
პუტინმა, სავარაუდოდ, ვერ მიიღო ჩინეთისგან ზუსტად ისეთი პარტნიორობის გარანტია, რომელიც მას სჭირდება და სურს - სი ძინპინი, სავარაუდოდ, მოსკოვიდან ცალმხრივი გარანტიებით გაემგზავრება, რასაც პუტინი არ მოელოდა“, - დასძინა ომის შესწავლის ინსტიტუტმა.
ომის შესწავლის ინსტიტუტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა "გულწრფელი სურვილი" გამოთქვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
”ასეთი რიტორიკა არ მოიცავს იმ ენას, რომელიც, ჩვეულებრივ, დიპლომატიური განცხადებების დროს გამოიყენება, რათა დაფიქსირდეს მხარეებს შორის საბოლოო და არსებითი შეთანხმების მიღწევა”, - ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის განცხადებაში.
0
0