26/12/2024
16:48
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქერჩის სრუტეში რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა. მანამდე კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აქსენოვის განცხადებით, პუტინის განკარგულებით, ნავთობპროდუქტების ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.
მხარის დონეზე საგანგებო მდგომარეობა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა 25 დეკემბერს შემოიღო. მანამდე, 17 დეკემბრიდან, ანაპასა და ტემრიუკის რაიონში მუნიციპალური დონის საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ნავთობპროდუქტებმა ყირიმის სანაპირომდე მიაღწია, საგანგებო მდგომარეობა ქერჩშიც გამოცხადდა.
ანაპასა და ტემრიუკის რაიონში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 54 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მონიტორინგის ზონაში კი სანაპიროს 190 კილომეტრია მოქცეული. სამუშაოებში დაახლოებით ოთხი ათასი მაშველი და მოხალისეა ჩართული.
25 დეკემბრის მონაცემებით, შეგროვებულია თითქმის 30 ათასი ტონა დაბინძურებული ქვიშა, საიდანაც 23.5 ათასი ტონა უკვე გატანილია პლაჟებიდან.
ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს ორი ტანკერი „ვოლგონეფტი“ ჩაიძირა, სავარაუდოდ, შტორმის გამო. საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისის “ შეფასებით, ტანკერებზე არსებული დაახლოებით რვა ათასი ტონა ნავთობპროდუქტი თუ წყალში ჩაიღვრება, ეს შავ ზღვაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა შეიძლება, გახდეს. ტანკერების ჩაძირვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
0
0