
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაწეული მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ პუტინმა ფხენიანში ოფიციალური ვიზიტის წინ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების მხრივ, ჩვენს მიმართ გამოთქმულ სოლიდარობას და საერთო პრიორიტეტების დაცვის კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფორმატში“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მრავალმხრივ თანამშრომლობას აქტიურად ავითარებენ და ის ახალ დონეზე უნდა აიყვანონ.
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 18 ივნისს უნდა ჩავიდეს. ეს პრეზიდენტის რანგში პუტინის მეორე ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში. პირველად ის ჩრდილოეთ კორეაში 2000 წელს ჩავიდა.
ფხენიანში ვიზიტის დროს იგეგმება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის რამდენიმე, მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, მათ შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.
0
0