28/12/2023
20:56
მსოფლიო
2023 წლის მარტში, ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინმა სი ძინ პინს უთხრა, რომ რუსეთი მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში აპირებს უკრაინაში ბრძოლას. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, პუტინი ცდილობდა დაერწმუნებინა ჩინეთის ლიდერი, რომ გაჭიანურებული ომი რუსეთისთვის სასარგებლოა და საბოლოო ჯამში მოსკოვი იქიდან გამარჯვებული გამოვა.
იაპონური გამოცემის წყაროების აზრით, პუტინის ეს კომენტარი ასევე იყო გაფრთხილება სი ძინ პინისთვის, რომ არ შეცვალოს თავისი პრორუსული პოზიცია.
თუმცა, ჩინეთის ხელმძღვანელობას, იაპონური გამოცემის აზრით, სავარაუდოდ არ სჯერა პუტინის განზრახვისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში იომებს.
ამ სიტყვებზე დაყრდნობით, „ნიკეი“ ასკვნის, რომ პუტინის სიგნალები დიპლომატიური არხებით ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, სარწმუნოდ არ უნდა იქნას მიღებული.
„ნიკეის“ თანამოსაუბრეების აზრით, პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს შექმნას ილუზია, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ან თუნდაც მშვიდობას ესწრაფვის, რადგან შესაძლოა თვლიდეს, რომ ასეთი ატმოსფერო მას მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ კარგ სამსახურს გაუწევს.
0
0