“პუტინისთვის ნავალნი ნამდვილად გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, ამიტომ ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ - შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და შეიძლება მოკლეს კიდეც”, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” აცხადებს.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, იმის მიუხედავად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს. ვფიქრობ, ამის გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან კრემლის რეჟიმი რასაც უნდა, იმას იტყვის, და ექსპერტიზის ისეთ დასკვნას დადებს.ერთი შეხედვით, პუტინს თითქოს არც აწყობდა ციხეში ნავალნის ლიკვიდაცია, რამაც დიდი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ასევე რუსეთის ისედაც მიწასთან გასწორებული საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო მეტად გააჩანაგა, გააჩინა კიდევ მეტი არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ამბობენ "Умом Россию не понять". არავინ იცის, როდის რას მოიმოქმედებენ. არ არის გამორიცხული, პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მით უფრო უკრაინასთან ომით შექმნილ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, თანაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ნავალნი იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთშიც და მის გარეთაც.
ამას წინათ პუტინი სერიოზული სახით ლაპარაკობდა და კიცხავდა დასავლეთს ასანჟის ციხეში გამოკეტვის გამო, ისე, თითქოს თვითონ უარესის გამკეთებელი არ იყოს და პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს, თან ამ ყველაფერს ისე უტიფრად ამბობდა.
ასეა თუ ისე, პუტინისთვის ნავალნი ნამდვილად გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, ამიტომ ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ - შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და შეიძლება მოკლეს კიდეც." - განაცხადა არეშიძემ.
ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს "სეირნობის შემდეგ". მის ოჯახს მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს. კოლონიაში უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს - მორგში განაცხადეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ.
0
0