-share.jpg)
ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ სალეხარდის მორგში, სადაც მისი ცხედარი უნდა ინახებოდეს. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
”დილაადრიან მორგში მივიდნენ ალექსეის დედა და ადვოკატები. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს. კითხვაზე, არის თუ არა იქ ალექსის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ“, - წერს იარმიში.
მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა დედას და ადვოკატებს განუცხადა, რომ „ნავალნის გარდაცვალების შემოწმება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, უცნობია. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია“. გამოცემა "სააგენტო", სასამართლო ექსპერტებზე მითითებით, წერდა, რომ გარდაცვალების მოწმობა უნდა გაიცეს გაკვეთიდან ერთი თვის განმავლობაში და რომ ცხედარს ახლობლებს არ გადასცემენ, თუ გაკვეთის დროს საშიშ დაავადებებს აღმოაჩენენ: ჭირს ან ქოლერას.
მანამდე „მედიაზონამ“ კამერების საშუალებით აღმოაჩინა საპატრულო მანქანების კოლონა და სასჯელაღსრულების სამსახურის მიკროავტობუსი, რომელსაც შეეძლო ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდში გადაეტანა 17 თებერვლის ღამით.
ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს "სეირნობის შემდეგ". მის ოჯახს მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს. კოლონიაში უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს - მორგში განაცხადეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ.
0
0