10/11/2022
13:17
პოლიტიკა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
როგორც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს მხარდაჭერა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს. ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებზეც ზეგავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებული სიტუაცია, რომელსაც საქართველოს განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ. მინდა კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთისგან შეიძლება ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელების გზით, რაც მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც ევროკომისიის მიერ არის მოცემული, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. საქართველომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რომ შეასუსტოს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, რომ შექმნას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის ძირითადი საკითხი, რათა შესრულდეს მიზნები და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელშესახები შედეგები მიგვიყვანს პროგრესამდე. საქართველოს და ჩეხეთს გააჩნია საერთო ღირებულებები და როგორც ევროპის საერთო ხედვა, ჩვენ სურვილი გვაქვს, ვიხილოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება“,-განაცხადა იან ლიპავსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს თბილისში თბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.
„2023 წლის 4 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და ჩეხეთს შორის. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან ძლიერ კავშირებზე არის დამყარებული, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აახლოებს. მომავალს უნდა შევხედოთ არა მხოლოდ ოპტიმიზმით, არამედ, ახალი იდეებითა და ახალი ძალისხმევით, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირებს გაამყარებს. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ურთიერთობებს, გვინდა ასევე გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ინვესტიციების მიმართულებით“,-განაცხადა იან ლიპავკიმ.
0
0