07/12/2022
14:10
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს, რომ კრემლის ლიდერი კიბეზე წაიქცა და წაქცევისას უნებლიედ მოისაქმა.
გასულ კვირას, General SVR-მა Telegram-ში გრძელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. პუბლიკაცია აღწერს, თუ როგორ გაატარა პუტინმა სტრესული სამუშაო დღე, რომელიც რუსეთის წარუმატებელი ეკონომიკისა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დისკუსიებს მიეძღვნა. General SVR-ის ინფორმაციით, დღის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტს ფეხი დაუცურდა და დავარდნისას კიბეს კუდუსუნის ძვალი ჩამოჰკრა. მოულოდნელმა დაცემამ პუტინის "უნებლიე დეფეკაცია" გამოიწვია.
General SVR-ი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს; ეს ანონიმური გვერდი, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნის, რომელსაც წვდომა აქვს პუტინთან და მის გარემოცვასთან; ასევე ხშირად აქვეყნებს კრემლის საწინააღმდეგო შეუმოწმებელ მასალებს. ანონიმურმა გვერდმა არაერთხელ გამოაქვეყნა პუტინის ჯანმრთელობის სავარაუდო გაუარესების შესახებ ცნობები, რომლებმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.
თუმცა, 6 დეკემბერს, Newsweek-ი იუწყება, რომ პუტინის პრესსამსახურმა გამოცემისთვის მიწერილ ელექტრონულ წერილში უარყო ცნობები, რომ თითქოს ის კიბეზე დაეცა, კუდუსუნი დაიზიანა და უნებლიე დეფეკაცია დაემართა.
"თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ეს არის სრული სიცრუე", - წერს კრემლი საპასუხოდ.
Newsweek-ი წერს: „ჭორები იმის შესახებ, რომ პუტინი საიდუმლოებით მოცული დაავადებით (ე.ი. თითქოს ის დაავადებულია სხვადასხვა ტიპის კიბოთი, პარკინსონის ან ფსიქიკური დაავადებით) იტანჯება, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა სპეკულაციები გახშირდა მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. სიმსივნე და პარკინსონის დაავადება, ჩვეულებრივ, სიის სათავეშია“.
რუსეთის ხელისუფლება წარსულშიც უარყოფდა ცნობებს პუტინის ავადმყოფობის შესახებ. მაისში, რუსმა ოფიციალურმა პირმა [სერგეი ლავროვმა] საფრანგეთის ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში არ დაადასტურა. რომ პუტინი ავად იყო. ივლისში Forbes-ი იტყობინებოდა, რომ კრემლმა კვლავ უარყო ჭორები პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
"მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„იცით, რომ ინფორმაციის უკრაინელი სპეციალისტები, ამერიკელები და ბრიტანელები თვეების განმავლობაში სხვადასხვა ყალბ ცნობას ავრცელებენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ! ეს ყველაფერი სიყალბეა და სხვა არაფერი.“
მსოფლიო პრესაში ქვეყნდება არაერთი სტატია, რომელთა ავტორები პუტინის ჯანმრთელობის შესახებ მსჯელობენ მისი ფოტოებისა და ვიდეოკლიპების შესაბამისად. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ პუტინი მაგიდაზე არის ჩაჭიდებული, თითქოს იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს, როგორ უკანკალებს ხელი და ის ვერ იმორჩილებს ფეხსაც. Newsweek-ი კომენტარის გასაკეთებლად General SVR Telegram-ის არხსაც დაუკავშირდა.
0
0