
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედიაპლატფორმა Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით Wall Street Journal-ის რეპორტიორს ევან გერშკოვიჩს ციხიდან გაათავისუფლებს.
ტრამპის განცხადებით, „რეპორტიორი, შეერთებულ შტატებში ნოემბრის არჩევნების ჩატარების შემდეგ მალე გათავისუფლდება.“ როგორც ცნობილია, ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას და თეთრ სახლში დაბრუნებას ცდილობს.
„The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთის საპატიმროში იმყოფება, არჩევნების შემდეგ თითქმის მაშინვე გათავისუფლდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იქამდე, სანამ მე თანამდებობას დავიკავებ. ის სახლში დაბრუნდება, სადაც უსაფრთხოდ და თავის ოჯახთან ერთად იქნება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამას ჩემთვის გააკეთებს და სხვისთვის არა და ამისთვის ჩვენ არაფერს გადავიხდით!“, - წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპს პუტინთან რაიმე კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია და არ დაუკონკრეტებია, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლებს რუსეთის პრეზიდენტი გერშკოვიჩს. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
The Wall Street Journal-ის 32 წლის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი, საბჭოთა კავშირიდან დევნილი ებრაელი ლტოლვილების შვილია. ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.
0
0