
პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა, – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მალხაზ დოლიძე სოციალური პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებსა და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის გაძვირებას ასახელებს. ამასთან, დოლიძის თქმით, ე.წ. ყოველდღიური მოხმარების ქვის პური ორმა კომპანიამ გააძვირა – „იფქლი გლდანმა“ და „იფქლი დიღომმა“, სხვა კომპანიები კი ძველ ფასებს ინარჩუნებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით, ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.
„გუშინდელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომ პური გაძვირდა, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. ორმა საცხობმა 10-10 თეთრით ერთ ასორტიმენტზე მოუმატა ფასი და აქედან, ამ 10 თეთრიდან შვიდი თეთრი არის მეწარმის და სამი თეთრი არის მაღაზიის. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია დომინოს პრინციპი, რამდენიმე მაღაზიამ თვითნებურად სხვა ასორტიმენტზეც გაავრცელა ეს საკითხი. მე მინდა, იცოდეთ, რომ პურის ფასი სტაბილურად არ შეცვლილა. მასობრივი მოხმარებისთვის პური, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყიდულობენ, არის მასში მრავალფეროვნება. მინდა, იცოდეთ, რომ თუ შევადარებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დაბალი ფასი პურზე საქართველოშია. მესმის, მტკივნეული პროცესია თითოეული თეთრი, სოციალური გარემოდან გამომდინარე, მაგრამ არის წარმოების აუცილებლობა ისეთი, რომელიც გადაუდებელია, რათა ისევ კარგი და გემრიელი პური ვაწარმოოთ. გაძვირების მიზეზია – ფქვილი, ხელფასები, ასევე აქ არის დანადგარების მოვლა-პატრონობა. წარმოებას აქვს ძვირადღირებული დანადგარები, იქ სამცვლიანი სამუშაოა და ცხელი გარემოა. განსაკუთრებით, როგორი ზაფხულიც იყო, მოგეხსენებათ. ვაკავებდით ხალხს, იმიტომ, რომ მუშახელის ნაკლებობაა პურპროდუქტებში, ხელფასების გაზრდას ითხოვენ და არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. ფქვილი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რვა ლარით არის გაძვირებული. შარშან იყო 52 ლარი, დღეს არის დაახლოებით 59-60 ლარი“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ პურის გაძვირება ფქვილზე ფასის მატებამ გამოიწვია, არ ეთანხმებიან „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ბოლო თვე-ნახევარია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება სტაბილურად 58-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სოციალური დანიშნულების პროდუქტის ფასზე გავლენას ვერ მოახდენდა. ლევან სილაგავა ამბობს, რომ კერძო კომპანია თავად წყვეტს, რა ფასად უღირს საკუთარი წარმოებული პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ორი კომპანიის მიერ პურის გაძვირება მხოლოდ მათ დანახარჯებს უკავშირდება.
„პურში არამარტო ფქვილის ინგრედიენტი, არამედ სხვა რაღაცებიც არის მასში შემავალი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომელიღაც კომპანიას თავისი რაღაც ხარჯები აქვს, რომლის მიხედვითაც მათ გაზარდეს ფასი. ფქვილზე თუ ვილაპარაკებთ, დღესდღეობით ფქვილის ფასი, რომელიც უკვე თვე-ნახევარია, მერყეობს 58-60 ლარის ფარგლებში, ვფიქრობ, რომ არ იყო გამოწვეული ამ კომპონენტით პურის გაძვირება. რაც შეეხება იმ ტენდენციას, რომ შარშან 53 ლარი იყო, მაგალითად, ერთი ტომარა ფქვილის ფასი, გვახსოვს ყველას ეს სიტუაცია, შარშან ფაქტობრივად იყო ის მიჯნა, როდესაც წინა გაძვირების შემდეგ 52 ლარიდან, მეპურეებმა თქვეს, რომ ვერ ეტევიან კალკულაციაში. მაშინ ფასები გაიზარდა ფქვილზე, ეს იყო ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მათ შორის მსოფლიო და რეგიონული ბაზრიდან და შესაბამისად, მაშინ პურის ფასი გაიზარდა 10 თეთრით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პურის მწარმოებლებს აქვთ თავიანთი კალკულაცია. ყველა კომპანიას შეუძლია, იმის მიხედვით, რა ხარჯები აქვთ და რა კალკულაცია აქვთ, გაზარდონ ან შეამცირონ ფასები. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ზუსტად ამ ტენდენციასთან, იმიტომ, რომ მხოლოდ რამდენიმე კომპანიის მიერ იქნა ფასი გაზრდილი. დღეს ფქვილის ფასი არ იძლევა იმის წინაპირობას, რომ გაძვირდეს პური“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.
ამასთან, სილაგავას თქმით, ახალი ზღვრული ფასი ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 63 ლარია, რომლის შემდეგაც პურის ფასების კორექტირებაზე შესაძლებელია საუბარი, თუმცა არც ეს ნიშნავს აპრიორი იმას, რომ პური გაძვირდება.
„ზოგადად, კალკულაციის მიხედვით და დაახლოებით, მე რაც ვიცი, სხვა კომპანიებს, პურის მწარმოებლებს შემდეგი გაძვირების ბიჯზე ლაპარაკის დაწყების ტენდენცია, როდესაც ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო ერთი წლის წინ, აქვს დაახლოებულით მაშინ, თუ ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 62-63 ლარს გასცდება. მაგრამ ესეც არ ნიშნავს აპრიორი, რომ 62 ან 63 ლარი თუ გახდება ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, შემდგომ პური უნდა გაძვირდეს. იქ შეიძლება, უკვე კიდევ რაღაც ტენდენციებზე ლაპარაკი და შესაბამისად, უბრალოდ ეს მიჯნა არის და მეტი არაფერი“, – განმარტა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.
0
0