18/11/2024
11:36
პოლიტიკა
ადამიანებს ბუნებრივად აქვთ ლეგიტიმური გრძნობა, რომ გამოხატონ პროტესტი. პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ნინო დოლიძემ, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, რისი მტკიცებულებებიც არსებობს.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ არჩევნების შემდეგ, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის არაერთი მტკიცებულება და ფაქტი არსებობს. ვცდილობდით, რომ ეს სამართლებრივი დავებით მოგვეგვარებინა, თუმცა ვერ დავინახეთ ვერცერთი ინსტიტუტისგან რეალური სურვილი, რომ ეს მოგვარებულიყო. ამ ადამიანებს ბუნებრივად აქვთ ლეგიტიმური გრძნობა, რომ გამოხატონ პროტესტი. პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
საერთაშორისო საზოგადოებისგან უკვე ვნახეთ კრიტიკული განცხადებები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვნახოთ როგორი გზავნილები იქნება, თუმცა კრიტიკული გზავნილები რომ იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება",- განაცხადა ნინო დოლიძემ.
0
0