
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
0
0