
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.
„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0