
საქართველოს პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კიდევ ერთი ექიმისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.
პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თერაპიული განყოფილების ექიმი ქ.ლ. ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეში მესამე ბრალდებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
გამოძიება კვლავ გრძელდება. დაზარალებული ოჯახი რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების დასჯასაც ითხოვს.
0
0