
პროკურატურამ "იმედის" თანამშრომლის შაკო ნათენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ბრალდებულს ახლა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ დაკავებულს წარდგენილი ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0