11/05/2023
11:33
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, თაღლითობისთვის ყოფილი მსჯავრდებულის მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა აღნიშნული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
„მალხაზ ბარამიძეს 2011 წლის 4 თებერვალს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით მალხაზ ბარამიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ხუთი წელი პირობითი მსჯავრი, ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მალხაზ ბარამიძემ, მისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადასაცემად, 2007 წლის 12 დეკემბერს ყალბი შინაარსის განცხადება შეადგინა, რასაც საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა დაურთო და ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიის წევრები და თავმჯდომარე ნ.ა ენდნენ რა წარდგენილ დოკუმენტაციას, სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 3007 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მალხაზ ბარამიძის საკუთრებად აღიარების შესახებ, რაზეც გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დგინდება, რომ მ.ბარამიძე 1991 წლიდან კანონიერად ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და მისი მხრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვა, იყო სრულიად ლეგიტიმური. გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მ.ბარამიძის მხრიდან კომისიის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც მისი მხრიდან კომისიისთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ყალბი დოკუმენტი ან რაიმე სხვა ფორმით დამახინჯებული ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
გარდა აღნიშნულისა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.
სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ლენა გახოკიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფართობით 8702 კვ/მ.
დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდება სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 468 პირი, რომელთაგან 327 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 65 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
0
0