24/10/2025
11:49

17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშილი, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად “, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
0
0