30/06/2023
15:22
სამხედრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დასრულდა; პროექტში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 200- მდე ომის ვეტერანი, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცი და შშმ პირი მონაწილეობდა. ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ჩემპიონატების შემდეგ, ზიპლაინის აქტივობა და პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს პირველობაზე.
ზიპლაინის აქტივობა მეტად სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად დაეშვა ფოლადის როლერზე. ბევრმა სიმაღლის შიშიც დაძლია.
რაც შეეხება პეინტბოლის ჩემპიონატს_სპორტის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს პროექტის მონაწილეთა შორის და მასზე მოთხოვნაც დიდია. ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები, თავდაუზოგავად იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, პირველობა არავის დაუთმო ქუთაისის გუნდმა, რომელმაც, დაძაბულ ორთაბრძოლაში, პირველობა მოიპოვა; ამრიგად, გარდამავალი თასი, 1 წლით, კვლავ ქუთაისში დაიდებს ბინას.
ჩემპიონატების გამარჯვებულებს, გადაეცათ გარდამავალი თასები, დიპლომები და მედლები.
პროექტის გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა,“სპონსორები კი „სოკარი“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.
0
0