
“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დასავლეთი მაღალი ხარისხის იარაღს აწვდის (თუმცა არის უხარისხო იარაღის გადაცემის ფაქტები, სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან), ეს იარაღი არაა საკმარისი. უკრაინას აკლია ავიაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ტაქტიკურ ავიაციას. აქედან გამომდინარე, უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დაწყების საშუალება არ აქვს”, ამის შესახებ პოლიტოლოგი მამუკა არეშეძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინას ლოკალური წარმატებების მიღწევა შეუძლია და აქვს კიდეც, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა, ამით რაიმე გადამწყვეტის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ომის გაგრძელება რუსეთსაც აწყობს და უკრაინის უკან მდგომ ძალებსაც”.
"რუსეთი ომს ვერ იგებს. რუსეთის ხელისუფლების მოქმედება თავად რუსი ექსპერტებისთვისაც კი გაუგებარია. მაგალითად, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ბომბავს მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობას, მაგრამ არ ბომბავს საკომუნიკაციო არხებს - რკინიგზის ხაზები, ხიდები... არ ნადგურდება ის გზები, საიდანაც დასავლური იარაღი შემოდის და ინსტრუქტორები შემოჰყავთ. რამდენიმე დღის წინ რუსულ პრესაში დაისვა ასეთი კითხვა - რატომ არ იბომბება კიევის აეროპორტი, საიდანაც სისტემატურად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები?! კრემლში ამას იმით ხსნიან, რომ ეს საკომუნიკაციო საშუალებები, შეტევის დროს ჩვენვე დაგვჭირდებაო.
სინამდვილეში, ეს მხოლოდ თავის მართლებაა, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია. ადრე ნამდვილად ფიქრობდნენ უკრაინის დიდი ნაწილის დაკავებას, მაგრამ ახლა იმასღა ცდილობენ, აღმოსავლეთ უკრაინა მაინც შეინარჩუნონ.
ახლა თავად მოსკოვშიც ძალიან რთული ვითარებაა, რუსი ლიდერები პრიგოჟინის ჯანყის შედეგების აღმოფხვრის პროცესში არიან. არა ერთი გენერალია გამქრალი, მათ შორის - სუროვიკინიც. კაცმა არ იცის, სად არიან. ერთობ არაჯანსაღი პროცესია ძალოვან სტრუქტურებში, ერთმანეთზე ეჭვიანობენ...
ქაოსური ვითარებაა პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ახლა რუსეთის ხელისუფლებას შიდასაქმეების დალაგება და ფრონტის ხაზზე სიტუაციის შენარჩუნება აწყობს, ამ მდგომარეობაში მყოფს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ნამდვილად არ შეუძლია.
სხვათა შორის, ასეთი ჩიხური სიტუაცია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. რემარკმა დაწერა კიდეც ცნობილი რომანი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". მაშინაც, დიდი ხნის განმავლობაში, გრძელდებოდა პოზიციური ომი. მართალია, ახლა ტიპური პოზიციური ომი არ არის, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს. ძალიან რთულია ამის აღწერა, მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცას ომის გაჭიანურება სჭირდება", აცხადებს მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან”.
0
0