25/06/2023
09:23
მსოფლიო
ევგენი პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„პრიგიჟინის ფენომენალური არჩევანი… შენ თითქმის გაანულე პუტინი, კონტროლი დაამყარე ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებზე, მიხვედი მოსკოვამდე და უცებ, უკან იხევ. იმიტომ, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე ერთი სპეციფიკური შუამავალი (ლუკაშენკო) დაგპირდა უსაფრთხოების გარანტიებს ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების განკარგულება გასცა.
იმ შიშის გამო, რომელიც პუტინის ელიტამ ბოლო 24 საათში გამოსცადა, ეს განკარგულება აუცილებლად შესრულდება. თუმცა ამას სარგებლის გარეშე არ ჩაუვლია, პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში გადავა.
„ვაგნერმა“ როსტოვი წუხელ დატოვა და საკუთარ „საველე ბანაკებისკენ“ გაემართა.
0
0